საჯარო შეტყობინება
პროცესის მონაწილეთათვის სასამართლო შეტყობინებების სათანადო წესით ჩაბარება სასამართლოს საქმიანობის ეფექტურად განხორციელების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს სასამართლო შეტყობინებების გაგზავნის სხვადასხვა საშუალებებს. კერძოდ, სასამართლო შეტყობინება იგზავნება ტელეფონით, დეპეშით, ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით, სასამართლო შეტყობინებების საჯაროდ გავრცელების გზით.
სასამართლო შეტყობინებების ჩაბარება საჯაროდ გავრცელების გზით შესაძლებელია კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. სასამართლო უნდა ეცადოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მითითებული რომელიმე საშუალებებით ჩააბაროს მხარეს სასამართლო შეტყობინება. თუ ამოიწურა მხარისათვის ზემოთ მითითებული საშუალებებით სასამართლო შეტყობინებების ჩაბარების შესაძლებლობა ან თუ მისი ადგილსამყოფელი უცნობია, სასამართლო იყენებს საჯარო შეტყობინებას.
საჯარო შეტყობინება ხორციელდება ორ შემთხვევაში: 1. როდესაც მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან 2. მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება.
საჯარო შეტყობინება გამოიყება, თუ უცნობია მოპასუხის ადგილსამყოფელი სარჩელის აღძვრისას. მოსარჩელესთან მიმართებით არ შეიძლება საჯარო შეტყობინების გამოყენება.
თუ მოპასუხის ადგილსამყოფელი უცნობია, თუმცა მოსარჩელეს მითითებული აქვს მოპასუხის უკანასკნელი ადგილსამყოფელის ან სამუშაო ადგილის მისამართი, სასამართლო შეტყობინება გაიგზავნება მოპასუხის უკანასკნელი ადგილსამყოფლის ან სამუშაო ადგილის მიხედვით და თუ ვერ მოხერხდება მოპასუხისათვის სასამართლოს შეტყობინების ჩაბარება, მხოლოდ აღნიშნულის შემდეგაა სასამართლო უფლებამოსილი გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ.
საჯარო შეტყობინება გამოიყენება, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული მოპასუხის მისამართი სწორია, თუმცა მას უწყება ვერ ჩაბარდა დამატებით ერთხელ მაინც გაგზავნის შემდეგაც კი.
სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, საჯარო შეტყობინების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს მხარეთა მიერ თავიანთი მისამართის მითითების შემთხვევაში.
თუ საჯარო შეტყობინებით ვრცელდება სასამართლო უწყება, იგი გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება და სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილი იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
თუ საჯარო შეტყობინებით ვრცელდება სასამართლო გადაწყვეტილება (განჩინება), იგი გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება მხარისათვის და კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ გადაწყვეტილება (განჩინება) შევა კანონიერ ძალაში და მხარე ვეღარ შეძლებს მის გასაჩივრებას.
თუ საჯარო შეტყობინებით ვრცელდება განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ და გზავნილი მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გადაცემისა და მისთვის შესაგებლის წარმოსადგენად ვადის დანიშვნის შესახებ, იგი გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება მოპასუხისათვის და განჩინებაში მითითებულ ვადაში მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილი იქნება კოდექსით დადგენილი წინაპირობების არსებობისას გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყყვეტილება.